30/04/2025
20:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც ელჩები პლატფორმის მუშაობის ფორმატს გაეცნენ.
ზურაბიშვილის თქმით, პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებისთვისა და კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ემზადება. როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდში სერიოზული რყევებია, რაც იმის იმედს იძლევა, რომ მალე საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება.
"ეს იყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში, ანუ წინააღმდეგობის პლატფორმა შეხვდა ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, ელჩებს. შეხვედრას თვით ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა.
ეს იყო პირველი ასეთი ერთობლივი შეხვედრა, სადაც ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი მუშაობის ფორმატი, პროცედურები, ასევე გავაცანით, ვინ მონაწილეობდა ამ პლატფორმაში, როგორი იყო ეს ღია პლატფორმა, სადაც ყველა სხვა ახლად ჩამოყალიბებული პარტიებისთვის ასევე მზად ვართ, რომ ისინი მივიღოთ, თუ კი დაეთანხმებიან ამ პლატფორმის წესებს. ასევე ის, რომ ეს პლატფორმა მუშაობს კოორდინაციაში ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან, რომლებიც თვითონ არიან ორგანიზებული სხვადასხვა ფორმით, ეს ეხება ბიზნესსექტორს, კულტურის სექტორს, არასამთავრობოებს თუ პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც ორგანიზებულები არიან საკუთარი ჯგუფებით და ჩვენ, ამ ყველაფერთან ერთად, ვცდილობთ, რომ პოლიტიკური პოზიციების ჩამოყალიბება მოხდეს და ამით ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ რეალურად მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა.
ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს, რომ საპარლამენტო არჩევნები უთუოდ დაინიშნება, ესე იგი ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არა მხოლოდ არჩევნებისთვის და ესეც იყო საკითხი, რომელიც აქ დაისვა და რომელზედაც ჩვენ ჩვენი პოზიციები გავაჟღერეთ, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად ასევე არჩევნების შემდეგი დღისთვის ანუ კოალიციური მთავრობისთვის.
ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს ჩვენს შორის, არის სწორედ ამისთვის მზადება. ჩვენ ამის გამოცდილება ძალიან მწირი გვაქვს. იმ ქვეყნების გამოცდილებაც, რომლებიც ესწრებოდნენ დღეს ჩვენს შეხვედრას, არის ის, რომ რთულია კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბება და ჩვენ წინსწრებით რომ ამას ვამზადებთ, არის სწორედ ნიშანი, თუ რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ჩვენ მომავალს.
ძალიან ბევრი ნიშანი არის იმის, რომ რყევები არსებობს მმართველ ძალაში და ეს არის ის, რაც გვაძლევს ასევე დიდი იმედს, რომ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც მიგვიყვანს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.
ასევე იყო დისკუსია ევროკავშირის პოლიტიკასთან ჩვენს მიმართ. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რომ თვით ევროკავშირში არის განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ, რაც დღეს ხდება საქართველოში”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
0
0