
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა თბილისის საკრებულოს ახალი მოწვევის სხდომა გახსნა.
მან დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრად არჩევა მიულოცა.
მისივე თქმით, საკრებულო დაკომპლექტდა 50 წევრით, მათ შორის, 25 პროპორციული 25 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წარმომადგენლებით.
„მივესალმები საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს. პატივცემულო საკრებულოს წევრებო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით გილოცავთ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრად არჩევას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატარა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 15 ოქტომბერს შეაჯამა. ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა 50 წევრით, მათ შორის, 25 პროპორციული 25 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წარმომადგენლებით.
მე, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარეს, მაქვს პატივი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნილად გამოვაცხადო.
თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთანავე, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა საკუთარი გამოსვლის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარის არჩევამდე სხდომის წაყვანა საკრებულოს უხუცეს წევრს, შალვა ოგბაიძეს სთხოვა.
0
0