
ტაჯიკეთის ახალარჩეულ პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით, რომელიც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობები ყოველთვის განახლებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ახლახან უზბეკეთში ფორუმი ჩატარდა და მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აზიის მიმართ ინტერესია, მათ შორის სხვადასხვა რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით.
„ჩემთვისაც ტაჯიკეთი მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური მიზნების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. დღესდღეობით, ცენტრალური აზია როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში ხვდება. ახლახან უზბეკეთში ფორუმი ჩატარდა და მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აზიის მიმართ ინტერესია, მათ შორის სხვადასხვა რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით, ამ ყველაფერზე დამოკიდებულია საქართველოს სატრანზიტო როლის ზრდა. ამ მხრივ, საპარლამენტო კავშირებიც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.
„გარდა ამისა, ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდი. რა თქმა უნდა, საუბრის თემა იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობები იყო. სხვათა შორის, ინდოეთის პარლამენტს ტექნოლოგიების მხრივ კარგი გამოცდილება აქვს, საკმაოდ წინ წაწეულია მათი ტექნიკური აღჭურვილობა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ჭრილში ჩვენი ურთიერთობა. ინდოეთიც სატრანზიტო გზებს ეძებს. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა გადის ჩვენს რეგიონზე, კავკასიაზე. ამ მხრივ, სომხეთ-ინდოეთის ურთიერთობა აწყობილია სატრანზიტო ფუნქციების გამოყენებაში და, რა თქმა უნდა, საქართველო მთავარი ჯაჭვია ტრანზიტისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0