
ცალკეული ვიზიტები ვერ მოახდენს ამ არალეგიტიმური ძალის რაიმე ტიპის ლეგიტიმაციას, საერთო კონტექსტში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, დიპლომატიურ თვითიზოლაციაშია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი ანიჭებს, ხალხის უკმაყოფილება კი იზრდება.
„ვერცერთი ასეთი ცალკეული ვიზიტი ვერ მოახდენს ამ არალეგიტიმური ძალისთვის რაიმე ტიპის ლეგიტიმაციის მინიჭებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი, ვინც ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ანიჭებს, არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიუღებლობა ამ მოღალატეობრივი, ანტიეროვნული ძალის მიმართ იზრდება. შესაბამისად, რამდენი ასეთი ცალკეული შემთხვევა და ვიზიტიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი ფონი. საერთო კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩენილია დიპლომატიურ თვითიზოლაციაში, სადაც ჩვენი ტრადიციული პარტნიორებიდან, ფაქტობრივად, არ მოიძებნება არავინ, ვინც აღიარებს მათ ლეგიტიმაციას ან მართავს მათთან სამუშაო შეხვედრებს“, – განაცხადა ბუაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან ოპოზიციის შეხვედრა, ბუაძემ უპასუხა, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მზად არის, რომ შეხვდეს.
„ვერ გეტყვით, არ ვიცი, დღის წესრიგში არის თუ არა. ამ ვიზიტის საქმიანი დღის წესრიგი თუ მოითხოვს იმას, რომ არსებობდეს ასეთი შეხვედრა, ცხადია, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ“, – აღნიშნა ბუაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ იმყოფება. სინირიოღლუ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
0
0