
ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის (WPATH) თანამშრომლების შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები თავიანთ საქმიანობაზე მსჯელობენ და შემაშფოთებელ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას. სტატია ამ თემას The Guardian-მა მიუძღვნა.
გამოცემის მიხედვით, ერთ-ერთი ექიმი აღიარებს, რომ ხშირად მისი პაციენტები პატარები არიან საიმისოდ, რომ გაიაზრონ რა გავლენა ექნება სქესობრივი მომწიფების ბლოკირებასა და ჰორმონების მიღებას მათ ნაყოფიერებაზე მომავალში. "ნაყოფიერების შენარჩუნებაზე ვესაუბრები 14 წლის მოზარდს, მაგრამ ვიცი, რომ ეს იგივეა, რაც კედელს ელაპარაკო“, - ამბობს ენდოკრინოლოგი. WPATH-ის პრეზიდენტი, დოქტორი მარჩი ბაუერსი კი კომენტარს აკეთებს იმაზე თუ რა გავლენა აქვს სქესობრივი მომწიფების ადრეულ ბლოკირებას ზრდასრულ ასაკში სექსუალურ ფუნქციებზე.
ორგანიზაციაში ასევე მიდის მსჯელობები იმ „ტრანს კლიენტების“ მომსახურებაზე, რომლებსაც პიროვნების იდენტობის აშლილობა აქვთ - როდესაც მათი სხვადასხვა ალტერ ეგო საკუთარ თავს სხვადასხვა გენდერის წარმომადგენლად აღიქვამს. ქირურგები ამბობენ, რომ შედეგად ვიღებთ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს - მაგალითად, სხეულს, რომელსაც ორივე სქესის სქესობრივო ორგანო აქვს. ექიმები ასევე 16 წლის პაციენტებში ჰორმონების მიღების შედეგად ღვიძლის კიბოს განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ. სტატიის ავტორი განმარტავს, რომ WPATH-ი არ არის პროფესიული ორგანო. ის ძირითადად აქტივისტებისგან შედგება. სახელწოდებაში სიტყვა „მსოფლიოს“ გამოყენების მიუხედავად, ის არც ტრანსგენდერ ადამიანებზე ზრუნვის გლობალურ სტანდარტს წარმოადგენს, მაგრამ სწორედ ამ ორგანიზაციის „ზრუნვის პრაქტიკა“ უდევს საფუძვლად დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერების ჯანდაცვის სერვისის გამწევ არაერთ ორგანიზაციას, მათ შორის ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციას და საჯარო სამედიცინო საბჭოს.
„პრობლემა არა ამ დისკუსიებში, არამედ იმაშია, რომ ორგანიზაცია ამ საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობს“, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. მისივე თქმით, ინგლისის ჯანმრთელობის სამსახურმა განაცხადა, რომ WPATH-ის ხედვები მათთვის უკვე არარელევანტურია და სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები რუტინული კლინიკური პრაქტიკის ნაწილი აღარ იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ორგანიზაციას გაემიჯნა, თუმცა სტატიის ავტორი აცხადებს, რომ გენდერული იდენტობის განვითარების სერვისის წარმომადგენლები WPATH-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას და ამ ჯგუფთან ასოცირების გამართლება რთულია, რადგან მისი ხედვები სულ უფრო ექსტრემალური ხდება.
0
0