
უკრაინა აზერბაიჯანული გაზის ტრანსბალკანური დერეფნით იმპორტს პირველად განახორცილებს. ამის შესახებ უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელმა სერგეი კორეცკიმ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რასაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კერძოდ, გაზის შესყიდვის შესახებ პირველი შეთანხმება აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR Energy Ukraine-სთან გაფორმდა. სატესტო მიწოდება ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით მოხდება.
„ეს პატარა მოცულობაა, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გრძელვადიან თანამშრომლობას გზას უხსნის და მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის კიდევ ერთი მაგალითია,“ - წერს კორეცკი.
უკრაინის ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სახელმწიფო რეგულირების ეროვნულმა კომისიამ ტრანსბალკანური დერეფნის მეშვეობით, ანუ საბერძნეთი-ბულგარეთი-რუმინეთი-მოლდოვას მარშრუტით გაზის იმპორტის დაწყების პროცედურა 27 მაისს დაამტკიცა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 1-ლი იანვრიდან კიევმა „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება აღარ გააგრძელა და უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი მთლიანად შეჩერდა. ტრანზიტის შეჩერებამ ტექნიკურ გაზზე უკრაინის საჭიროება გაზარდა, რათა მილსადენში წნევა შეენარჩუნებინა. იანვრის ბოლოდან „ნაფტოგაზმა“ გაზის იმპორტი დაიწყო და მას შემდეგ შესყიდვის მოცულობას მუდმივად ზრდის.
ახალ, უფრო სწორად, გაცოცხლებულ ტრანსბალკანურ მარშრუტს უკრაინა ზამთარში გაზის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხსნის.
რა არის ტრანსბალკანური დერეფანი?!
რამდენიმე წლის წინ ტრანსბალკანური გაზსადენი, ძირითადად, წარსულ დროში განიხილებოდა. ბალკანეთში უკრაინის, მოლდოვასა და რუმინეთის გავლით რუსული გაზის მიწოდების წინა მარშრუტმა აქტუალობა მას შემდეგ დაკარგა, რაც რუსებმა 2020 წელს „თურქული ნაკადი” ჩაუშვეს. ბოლო წლებში ტრანსბალკანური მილსადენი აღარ გამოიყენებოდა. თუმცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე თამაშის წესები შეცვალა და საბჭოთა დროს აშენებულ ამ ინფრასტრუქტურას მეორე შანსი მიეცა.
ამჟამად, გაზის ტრანსბალკანური დერეფანი არა მხოლოდ ტექნიკურ შესაძლებლობად, არამედ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად ითვლება, რომელსაც რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფიგურაციის შეცვლა შეუძლია. უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი ამ მარშრუტისთვის ახალი სიცოცხლის მიცემით დაინტერესებული არიან, თუმცა ამჯერად აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის მონაწილეობის გარეშე. მათ მილსადენის უკურეჟიმში გაშვება სურთ, რომ ბერძნული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალ „რევიტუსიდან“ უკრაინის საზღვრამდე გაზის, მათ შორის, ამერიკული საწვავის მიწოდება დაიწყოს.
აღსანიშნავია, რომ ადრე ტრანსბალკანური გაზსადენით სატესტო მიწოდება ხდებოდა, ამიტომ ტექნიკური თვალსაზრისით ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციისთვის სრულად მზად არის.
მარშრუტის მთავარი პრობლემა ტრანსპორტირების ღირებულებაა. ტარიფს ხუთი ქვეყანა ადგენს, რაც მას საიმპორტო მარშრუტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულს ხდის. მაგალითად, პოლონეთის ან ხორვატიის LNG-ტერმინალებიდან მიწოდებასთან შედარებით საბერძნეთიდან მიწოდების სტანდარტული ტარიფი ოთხჯერ მეტია. სწორედ ამიტომ უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ამ მილსადენით იმპორტს არ ახორციელებდა.
ამჟამად უკრაინა გაზს პოლონეთისგან, სლოვაკეთისგან და უნგრეთისგან ყიდულობს. ამდენად, ტრანსბალკანური დერეფანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ალტერნატიულ მარშრუტებს შორის, რომელიც მომარაგების დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა, რომ უკრაიანა მხოლოდ ამ ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებული არ იყოს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობების არასტაბილური პოზიციის, ასევე, რუსების მიერ უკრაინის საცავებისა და წარმოების ობიექტებზე შესაძლო ახალი თავდასხმების ფონზე, რის გამოც უკრაინა საკუთარი გაზის, თითქმის, 40%-ს დროებით კარგავს.
წყარო - BPN.GE
0
0