
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, მარტო მოქმედებდა და ინციდენტში უცხო ქვეყნის ჩარევის ნიშნები არ შეინიშნება.
FBI-ის წარმომადგენლებმა კი, ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მოტივი უცნობია. სამართალდამცავმა სააგენტომ 20 წლის თავდამსხმელის თომას კრუქსის მიერ გამოყენებული იარაღისა და მის მანქანაში ნაპოვნი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ფოტოები გამოაქვეყნა.
„კრუქსმა ტრამპის კამპანიის მოვლენების ონლაინ ძიება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ის ეძებდა ცნობებს როგორც ტრამპის, ასევე ჯო ბაიდენის შესახებ, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. მან ასევე დაადგინა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ეროვნული ყრილობის ჩატარების ადგილმდებარეობა. როდესაც… ივლისის დასაწყისში ტრამპის აქცია დაანონსდა, [კრუქსი] „ჰიპერ-ფოკუსირებული“ გახდა ამ კონკრეტულ მოვლენაზე, რომელიც მისთვის შესაძლებლობის სამიზნეს წარმოადგენდა. კრუქსი ტრამპის აქციაზე დასასწრებად ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა. იმავე დღეს, მან გამოიკვლია, თუ რამდენად შორ მანძილზე იმყოფებოდა დაქირავებული მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯონ კენედისგან, როდესაც საზღვაო ქვეითმა ვეტერანმა მას სასიკვდილოდ ესროლა [1963 წელს]. კრუქსმა ასევე გაიგო, „საიდან, რა მიმართულებიდან ისაუბრებდა ტრამპი აქციაზე. ინტერნეტ ძიების ისტორიამ აჩვენა, რომ ის ცდილობდა ეპოვა ბომბის დამზადების ინსტრუქციები და ინგრედიენტები. ჩვენი აზრით, აღნიშნული პირი თავდასხმის დეტალურ დაგეგმარებაში მონაწილეობდა. ჩვენ ვაგრძელებთ კრუქსის ონლაინ აქტივობის შესწავლას,“ - თქვა FBI-ის პიტსბურგის ოფისის ხელმძღვანელმა კევინ როჟეკმა
როგორც ცნობილია, ტრამპის აქციის მიმდინარეობისას, კრუქსი ახლომდებარე შენობის სახურავზე დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. კრუქსმა ტრამპის მიმართულებით რვაჯერ გასროლა მოასწრო, სანამ ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა ადგილზე მოკლა.
0
0