
კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, მისი ქვეყანა აშშ-სგან პატივისცემას იმსახურებს და კანადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს მხოლოდ „თავისი პირობებით“ დაიწყებს.
BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კარნიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს მხოლოდ მაშინ ეწვევა, როდესაც „სერიოზული დისკუსია“ გაიმართება და გათვალისწინებული იქნება კანადის სუვერენიტეტი.
,,კანადის აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევა... ასეთი სცენარი არასდროს არ მოხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ეს ოდესმე სხვა [ქვეყნის] შემთხვევაშიც მოხდეს... იქნება ეს პანამა, გრენლანდია თუ სხვა. თუმცა ჩემი ქვეყნისთვის ორმხრივად მომგებიანი შესაძლებლობა არსებობს, თუ აშშ-სთან შეთანხმებას მივაღწევთ და ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს გავარღმავებთ. კანადა აშშ-ის 40-ზე მეტი ინდივიდუალური შტატის უდიდეს საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. გახსოვდეთ, რომ ჩვენ მათ [აშშ-ს] სასიცოცხლო ენერგიას ვაწვდით. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამერიკელ ფერმერებს ძირითადად ყველა სასუქით ვამარაგებთ. ჩვენ პატივისცემას ვიმსახურებთ. პატივისცემას ველით და დარწმუნებული ვარ, რომ მას თავის დროზე კვლავ მივიღებთ და შემდეგ შევძლებთ ამ დისკუსიების გამართვას.
ივნისში, კანადის მასპინძლობით დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გლობალური სავაჭრო ომის მომავალი გზის გადასაწყვეტად და ისიც გაირკვევა, არის თუ არა მსოფლიოს შვიდი ყველაზე განვითარებული ეკონომიკის ჯგუფი - რომელიც მოიცავს აშშ-ს - კვლავ მჭიდროდ შეკრული ალიანსი საერთო ღირებულებებითა და მიზნებით“, - განუცხადა კარნიმ BBC-ს.
კანადის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, კარნიმ და ტრამპმა ისაუბრეს და უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„ლიდერები შეთანხმდნენ კანადისა და აშშ-ის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნების, ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე მათი ურთიერთკეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ტრამპმა კარნის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
0
0