
გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბარი „აგრესიულად“ წარიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის და მეტე ფრედერიქსენის სატელეფონო საუბარი გასულ კვირას, ტრამპის ინაუგურაციამდე შედგა და 45 წუთს გაგრძელდა. თეთრ სახლს მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია.
საუბრის შემდეგ ფრედერიქსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძული არ იყიდება.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია. ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი „მკაცრი“ იყო და სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა.
„საშინელება იყო. ადრე ამის სერიოზულად აღქმა რთული იყო. ვფიქრობ, ახლა საქმე სერიოზულად არის და ეს პოტენციურად ძალიან საშიშია“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
გამოცემასთან ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ დანიელები ახლა კრიზისულ სიტუაციაში არიან.
ამასთან, როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ „არ ეთანხმება ანონიმური წყაროებით მოწოდებულ საუბრის ინტერპრეტაციას“.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.
0
0
ცოტა ხნის წინ, წალენჯიხაში სახლი დაიწვა
17/03/2025