02/08/2023
09:44
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ნაფიცმსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა საქმეზე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება.
პროკურორებმა ბრალდების ახალ დოკუმენტებში თქვეს, რომ ტრამპს გადაწყვეტილი ჰქონდა დარჩენა ხელისუფლებაში 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ და რომ მან და ექვსმა თანამზრახველმა მოაწყვეს შეთქმულება შედეგების გაუქმების მიზნით.
ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონის სასამართლოში 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.
იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპს ბრალი წაუყენა შემდეგი ოთხი მუხლით:
✔️ შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს
✔️ შეთქმულება 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება
✔️ შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ
✔️ საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა
„არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია“, - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.
0
0