აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ადვოკატები ამბობენ, რომ პოლიტიკოსი 464 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის გირაოს ვერ გადაიხდის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს თანხა ტრამპს ჯარიმის სახით დაეკისრა ფინანსური მაქინაციებისთვის. ახლა ტრამპს ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ ქონების ნაწილის კონფისკაცია ემუქრება.
ტრამპს ვადა 25 მარტამდე აქვს მიცემული. მან არა მარტო ჯარიმა, არამედ პროცენტებიც უნდა გადაიხადოს. თუ პოლიტიკოსი ამას არ გააკეთებს, ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი მისი ქონების დაპატიმრების პროცედურის დაწყებას შეძლებს.
გირაოს გადახდა ასევე იმის წინაპირობაა, რომ ტრამპის ადვოკატების სარჩელი ზედა ინსტანციის სასამართლოში იყოს განხილული, ხოლო განაჩენის გამოტანა აპელაციის განხილვამდე შეჩერდეს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და მისი შვილები - დონალდი და ერიკი, ოჯახის ფინანსური იმპერიის ფასის ხელოვნურ გაზრდაში სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. გამოძიების ვერსიით, ეს ტრამპის ოჯახს უკეთესი კრედიტების მიღების და უკეთესი დაზღვევის შესაძლებლობას აძლევდა. დონალდ ტრამპს 355 მლნ დოლარის ჯარიმა დაეკისრა, რასაც პროცენტებიც დაემატა, ხოლო მის შვილებს 4 მლნ დოლარის ჯარიმა და პროცენტები ფინანსური მაქინაციების პერიოდისთვის. ასევე მათ ნიუ-იორკის შტატში კომპანიების მართვა სამი წლით აეკრძალათ.
0
0