15/08/2023
09:52
მსოფლიო
შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და 18 სხვას 2020 წელს, ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე ბრალი 41 მუხლით წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.
ტრამპის გარდა, ბრალდებულთა სიაში არიან: ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი, თეთრი სახლის ყოფილი შტაბის უფროსი მარკ მიდოუზი, თეთრი სახლის ყოფილი ადვოკატი ჯონ ისტმანი, იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ჯეფრი კლარკი და სხვები.
ფულტონის ოლქის პროკურორმა ფანი უილისმა, ტრამპისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებებზე გამოძიება, 2021 წლის თებერვალში დაიწყო.
სასამართლოს მასალების თანახმად, ტრამპს ბრალად ედება პოლიტიკური მოსყიდვა და სხვა მრავალი შეთქმულების მოწყობა.
ის ბრალდებებს ყველა შემთხვევაში უარყოფს.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ სავარაუდო თანამოაზრეები შეგნებულად და განზრახ შეუერთდნენ შეთქმულებას, რათა უკანონოდ შეეცვალათ არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლოდ.
ბრალდების ფურცელში ისინი მოხსენიებულები არიან, როგორც „კრიმინალური ორგანიზაცია“, მათ რიგ დანაშაულებში ადანაშაულებენ, მათ შორის:
ცრუ განცხადებები და ნაწერები
საჯარო მოხელეს მსგავსება
გაყალბება
ყალბი დოკუმენტების წარდგენა
მოწმეებზე ზემოქმედება
კომპიუტერის ხელყოფა
შეთქმულება სახელმწიფოს მოტყუებისთვის
ქურდობა და ცრუ ჩვენება
ყველაზე მძიმე ბრალდება - კორუმპირებული ორგანიზაციების აქტის (რიკო) კანონის დარღვევა, ისჯება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ტრამპის კამპანიამ ამ ბრალდებებს სიყალბე უწოდა და თავად ოლქის პროკურორი მოიხსენია, როგორც „გაბრაზებული პარტიზანი", რომელმაც მათივე თქმით, ეს „ყალბი ბრალდებები" წარადგინა, რათა ხელი შეეშალა 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში და „დაზიანებულიყო ტრამპის დომინანტური კამპანია".
„მიკერძოებული პროკურორის ეს უკანასკნელი კოორდინირებული დარტყმა აბსოლუტურ დემოკრატიულ იურისდიქციაში, არა მხოლოდ ღალატობს ამერიკელი ხალხის ნდობას, არამედ ავლენს მათი შეთითხნილი ბრალდებების ნამდვილ მოტივაციას”, - ნათქვამია ტრამპის კომპანიის განცხადებაში.
0
0