
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას.
„წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები უნდა მიემხრონ ეპშტეინის ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. იუსტიციის დეპარტამენტმა საზოგადოებას უკვე გააცნო ათიათასობით გვერდი „ეპშტეინის“ შესახებ. დეპარტამენტი შეისწავლის სხვადასხვა ცნობილი დემოკრატის (ბილ კლინტონის, რიდ ჰოფმანის, ლარი სამერსის და ა.შ.) შესაძლო ჩართულობას ამ საქმეში და ეპშტეინთან კავშირებს. კონგრესის საზედამხედველო კომიტეტებს კანონიერი წვდომა აქვს დოკუმენტებზე ან ინფორმაციაზე, თუმცა, პირადად, მე ეს პროცესი არ მაინტერესებს! მე მსურს, რომ რესპუბლიკელმა პოლიტიკოსებმა ყურადღება სხვა პრიორიტეტებზე გაამახვილონ და არა ამ თემაზე”, - განაცხადა ტრამპმა Truth Social-ზე.
როგორც The New York Times-ი წერს, ტრამპის პოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილება ათობით რესპუბლიკელის განცხადებამ განაპირობა, რომლის თანახმად, ისინი მზად არიან დოკუმენტების გასაჯაროებას მხარი დაუჭირონ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იმ კანონპროექტს უყრიან კენჭს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნებას ავალდებულებს. კანონპროექტის მხარდამჭერებმა საკმარისი ხმები მოიპოვეს, რათა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდეს, თუმცა გაურკვეველია, მიიღებს თუ არა მას სენატი. თუ კანონპროექტი ორივე პალატაში დამტკიცდება, ტრამპს დოკუმენტების გამოქვეყნებაზე ხელის მოწერაც მოუწევს.
„ეპშტეინის საქმეების გამჭვირვალობის აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის მიზანია, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნოს ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა არაკლასიფიცირებული ჩანაწერი, დოკუმენტი, კომუნიკაცია და საგამოძიებო მასალა,” - განაცხადა კანონპროექტის თანაავტორმა, რესპუბლიკელმა თომას მესიმ.
0
0