
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მოახდინეს მანიპულირება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.
როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ უნდა იყოს იუსტიციის დეპარტამენტის სამიზნე, ტრამპმა ობამაზე მიუთითა.
„რაც წავიკითხე, და მეც იგივე წავიკითხე, რაც თქვენ, ეს იქნებოდა პრეზიდენტი ობამა. მან დაიწყო ეს ყველაფერი. [მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო] ბაიდენი მასთან ერთად იყო, [FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კომი იყო იქ და [DNI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კლეპერი, მთელი ჯგუფი იყო იქ. [CIA-ის ყოფილი დირექტორი ჯონ] ბრენანი. ისინი ყველა ერთ ოთახში იყვნენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„თუ ამ დოკუმენტებს გადახედავთ, იქ ის უტყუარად არის მხილებული და ეს იყო პრეზიდენტი ობამა. ეს არ ყოფილა ბევრი ადამიანი, თუმცა ისინიც იყვნენ. მაგრამ ბანდის მეთაური იყო პრეზიდენტი ობამა, ბარაკ ჰუსეინ ობამა, გსმენიათ მის შესახებ? ის დამნაშავეა, ეს კითხვას არ ექვემდებარება. ეს იყო ღალატი“, - განაცხადა მან.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ მიიღო ეროვნული დაზვერვის დირექტორისგან, ტულსი გაბარდისგან სისხლის სამართლის საქმეზე გადაცემული მასალები.
საქმე ეხება გაბარდის სენსაციურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა „გააყალბეს და გააპოლიტიზეს დაზვერვის ინფორმაცია“ იმ ნარატივის შესაქმნელად, თითქოს რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
0
0