
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად, ფენტანილი „მასობრივი განადგურების იარაღად“ გამოცხადდა. შესაბამისად, სინთეზური ოპიოიდი კლასიფიცირდება არა მხოლოდ სასიკვდილო ნარკოტიკად, არამედ პოტენციურ ქიმიურ იარაღადაც.
ბრძანების თანახმად, პენტაგონიმა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა გადადგან დამატებითი ნაბიჯები ნარკოტიკების წარმოებისა და დისტრიბუციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„კონტრაბანდული ფენტანილი უფრო ქიმიურ იარაღს ჰგავს, ვიდრე ნარკოტიკს. გამოყენებული იქნება ყველა არსებული ინსტრუმენტი კარტელებისა და უცხოური ქსელების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც საზოგადოებას სასიკვდილო ნარკოტიკით ამარაგებენ, ამავდროულად, ორგანიზებული ჯგუფებისთვის ფენტანილი შეიძლება გადაიქცეს იარაღად ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად“, - ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში.
ნარკოპოლიტიკის ექსპერტების მხრიდან ტრამპის გადაწყვეტილებამ სკეპტიციზმი გამოიწვია.
„არც ტერორისტული ორგანიზაციები და არც სამხედროები ფენტანილს იარაღად არ იყენებენ. ჩემთვის ეს აშკარა საფრთხეს არ წარმოადგენს. კარიბის ზღვის აუზში მოქმედ ნარკოკარტელებს, როგორც წესი, ფენტანილის ნაცვლად კოკაინი გადაჰქონდათ, რომელსაც შემდეგ, ძირითადად, ევროპაში აგზავნიან და არა აშშ-ში“, - განაცხადა კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონათან კოლკინსმა.
როგორც ცნობილია, სექტემბრის დასაწყისში, ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავ გემებზე 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მექსიკა აშშ-ში ფენტანილის უკანონოდ გამოყენებისთვის უმსხვილესი წყაროა. ნარკოტიკის წარმოებისთვის გამოყენებული ქიმიკატების უმეტესობა ჩინურია. ოპიოიდი აშშ-ში დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზია, თუმცა ბოლო წლებში ასეთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა.
1
0
ლარი დოლართან მიმართებით მყარდება - კურსი
16/12/2025