
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დოკუმენტებზე ხელმოსაწერად მისი თანაშემწეების გამოყენების შესახებ გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა. მემორანდუმი თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
„ბოლო თვეებში, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწეები ბოროტად იყენებდნენ საპრეზიდენტო ხელმოწერების უფლებამოსილებას და ასაიდუმლოებდნენ ბაიდენის კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მემორანდუმის თანახმად, ამერიკულ საზოგადოებას შესაძლოა განზრახ დაემალა, თუ ვის აქვს რეალურად აღმასრულებელი ძალაუფლება, მაშინ როცა „ათასობით დოკუმენტზე“ ბაიდენის სახელით ხელმოწერა გამოიყენებოდა რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბაიდენის განკარგულებების უმეტესობა ხელმოწერილია ავტოგრაფის დახმარებით და არა პირადად პრეზიდენტის მიერ.
,,ეს განსაკუთრებით ჩანს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის მეორე ნახევარში მიღებულ დადგენილებებში, როდესაც მისი კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითება „კიდევ უფრო აშკარა გახდა მათთვის, ვინც მასთან მუშაობდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ცნობილია, ივნისის დასაწყისში, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს დაევალა აუდიტის ჩატარება ბაიდენის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავისი ოჯახის წევრების შეწყალებისა და 37 პატიმრისთვის სასჯელის შეცვლის შესახებ - მათი სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.
0
0