
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც აშშ-ის მიერ ვიზების დაჩქარებულ გაცემას ითვალისწინებს იმ უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში 1 მილიონ აშშ დოლარს ან მეტს გადაიხდიან.
„ბარათი ყველა კვალიფიციური და შემოწმებული ადამიანისთვის მოქალაქეობის მიღების პირდაპირ გზას უზრუნველყოფს. ძალიან საინტერესოა! ჩვენს დიდ ამერიკულ კომპანიებს საბოლოოდ შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი ფასდაუდებელი ნიჭი!
„ოქროს ბარათი“ სპეციალურად მაღალი დონის პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი, რადგან ჩვენ გვინდა პროდუქტიული ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ 5 მილიონი დოლარის გადახდა, სამუშაო ადგილებს შექმნიან. ეს ბარათი არანორმალურად გაიყიდება. კარგი გარიგებაა“, - თქვა ტრამპმა.
სქემის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, „ტრამპის ოქროს ბარათი“ აშშ-ის ვიზაა და იგი გაიცემა იმ პირებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ქვეყანას „მნიშვნელოვან სარგებელს“ მოუტანენ.
„ოქროს ბარათის სქემა აშშ-ში რეზიდენტობის უფლების მიღებას რეკორდულ დროში უზრუნველყოფს და $1 მილიონის ოდენობის საკომისიოს გადახდას მოითხოვს, რაც დასტურია იმისა, რომ ინდივიდი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს შეერთებულ შტატებს. თანამშრომლების დამფინანსებელი ბიზნესები ვალდებულნი არიან გადაიხადონ 2 მილიონი აშშ დოლარი დამატებითი საკომისიოებით. მალე ხელმისაწვდომი იქნება ბარათის „პლატინის“ ვერსია, რომელიც სპეციალურ საგადასახადო შეღავათებს მოიცავს 5 მილიონი აშშ დოლარის ფასად. განმცხადებლებს, მათი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაეკისროთ დამატებითი სამთავრობო გადასახადები და უნდა გადაიხადონ, განაცხადის განხილვამდე, მისი დამუშავების ხარჯების დასაფარად საჭირო $15 000“, - ნათქვამია პროგრამის ვებსაიტზე.
ტრამპის გადაწყვეტილებამ პანიკა გამოიწვია აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განმარტა, რომ საფასური მხოლოდ იმ ახალ აპლიკანტებზე გავრცელდება, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.
0
0