07/01/2025
23:22
მსოფლიო
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა უკრაინის მიმართ პოლიტიკის გამო. მისი თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობისას თეთრმა სახლმა ბევრი შეცდომა დაუშვა ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების თაობაზე მოლაპარაკებებში.
ტრამპის აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა მოახდინა რუსეთის პროვოცირება, თავს დასხმოდა უკრაინას, ვინაიდან კრემლმა დაინახა ვაშინგტონის არაკომპეტენტურობა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა იწყება კონფლიქტებით მოცულ მსოფლიოში.
პრესკონფერენციაზე, რომელიც დონალდ ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა ფლორიდის შტატში, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ნატოს წევრ ქვეყნებს მოსთხოვა თავდაცვის ხარჯების გაზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე.
ტრამპი, რომელიც 20 იანვრიდან შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, ცნობილია ნატოს კრიტიკით. მისი თქმით, ალიანსის ბევრი ევროპელი წევრი საკმარის თანხას არ იხდის და აშშ-ის გადასახადების გადამხდელის იმედადაა.
ეს ტრამპის მეორე პრესკონფერენცია იყო მას შემდეგ, რაც მან 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. გუშინ აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა არჩევნებში მისი გამარჯვება.
0
0