
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„ახლახან მოვაწერე ხელი დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ აშშ-ის წინადადება და გავხდეთ ამ საბჭოს დამფუძნებელი წევრი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების პირობებისა და ერთი მილიარდი დოლარის შენატანის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ თანხის გადახდა საჭირო არ არის. ალექსანდრ ლუკაშენკომ განმარტა, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციაში დამფუძნებელი წევრის სტატუსით მონაწილეობა თანხის გარეშე შეიძლება.
„სამი წლის შემდეგ თუ მოისურვებთ, გააგრძელოთ მუშაობა არჩევის, მიწვევის ან დანიშვნის გარეშე, გადაიხდით მილიარდ დოლარს და იმუშავებთ კიდევ სამი წელი. მილიარდი დოლარია საჭირო, თუ გსურთ, სამი წლის შემდეგაც გააგრძელოთ მუშაობა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პირობა: მშვიდობისთვის თუ კარგად მუშაობთ, მაშინ შეგიძლიათ, გააგრძელოთ მილიარდის გარეშე. მე ამ უკანასკნელით ვხელმძღვანელობ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევას და შეუერთდება „მშვიდობის საბჭოს“.
ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევა, შეუერთდეს „მშვიდობის საბჭოს“.
„აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზადაა, აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში“,- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ასევე დაადასტურა, რომ დათანხმდა „მშვიდობის საბჭოში“ აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევას. „პრეზიდენტმა ტრამპმა უნგრეთი დამფუძნებელი წევრის რანგში „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს საპატიო მოწვევა მივიღეთ“, – აღნიშნა ორბანმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის მიწვევას ასევე დათანხმდა არგენტინა, უნგრეთი, ყაზახეთი, მაროკო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვიეტნამი.
0
0