16/01/2025
14:32
მსოფლიო
როგორც ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს ანონიმურად განუცხადა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამ წარმომადგენელს - დერეკ ჰოგანს (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივანი, რომელიც მართავს ინფორმაციის ნაკადს დეპარტამენტის ბიუროებსა და თეთრ სახლს შორის), მარსია ბერნიკატს (აშშ-ის საგარეო სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სამუშაო ძალის დაქირავებას, დანიშვნას და კარიერულ განვითარებას) და ალენა ტეპლიცს (აღმასრულებელი მდივნის თანაშემწე, რომელიც ზედამხედველობს ათზე მეტ ბიუროს) - თანამდებობიდან გადადგომა სთხოვეს, რაც შესაძლოა დიპლომატიურ კორპუსში მოახლოებულ ცვლილებებზე მიუთითებს. სამივე დიპლომატი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც დემოკრატიულ, ასევე რესპუბლიკურ ადმინისტრაციაში, მათ შორის, ელჩებად.
”ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთგვარი შეშფოთება არსებობს, რადგან რაღაც უარესისთვის შეიძლება საფუძველი გაჩნდეს. ტრამპის გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტში ახალი პოლიტიკოსების დანიშვნას გეგმავს ძირითადად ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა მდივნის თანაშემწე, რომელიც, როგორც წესი, კარიერულ და პოლიტიკურ ბიუროკრატებს მოიცავს. სპეციალური ჯგუფი ასეთ კანდიდატებთან უკვე ატარებს გასაუბრებას,” - განუცხადა Reuters-ს წყარომ.
ჰოგანმა, ბერნიკატმა, ტეპლიცმა Reuters-ს კომენტარის გაკეთების თხოვნაზე არ უპასუხეს.
ტრამპმა, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება, საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ თანამდებობებიდან გაათავისუფლებდა იმ ბიუროკრატებს, რომლებსაც ის მოღალატეებად თვლიდა.
0
0