
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კატასტროფა იყოს პრესის თავისუფლებისთვის. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალურმა დირექტორმა, ტიბო ბრუტენმა განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს, შესაძლოა, პრესის თავისუფლებისთვის კატასტროფა იყოს და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ნიუსრუმებისთვის და ასევე მათი აუდიტორიებისთვის შედეგების გამო. თქვენ ვეღარასდროს მოისმენთ „ამერიკის ხმის“ ან „რადიო თავისუფლების“ აუდიტორიის ხმას, რადგან ეს ადამიანები ვერ ამბობენ სათქმელს. ისინი რეპრესიულ რეჟიმებში ცხოვრობენ და მათ არ აქვთ სანდო ინფორმაციაზე წვდომა. ამიტომ სამწუხაროა, რომ არსებობს ამ მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხე. ვფიქრობთ, ეს არის პრესის თავისუფლების მხარდაჭერაში აშშ-ის ჩართულობის ისტორიის ერთგვარი უარყოფა“, – აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ დატოვებულ სიცარიელეს პროპაგანდისტული სააგენტოები დაიკავებენ.
„ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ მაუწყებლობისა და ახალი ამბების წარმოების შეჩერება გეოპოლიტიკურად აზრს მოკლებულია. თუ აშშ, როგორც ტრამპი ირწმუნება, ცდილობს, აჩვენოს თავისი ძალა, აჩვენოს თავისი გავლენა, ის აჩერებს თავის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტრუმენტს რუსეთის ფედერაციის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნარატივებთან ბრძოლის კუთხით და ბუნებას არ მოსწონს სიცარიელე. რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული საშუალებები ჩაერევიან“, – აღნიშნა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალურმა დირექტორმა.
0
0