27/08/2023
11:07
მსოფლიო
ბრალდებები ფულად გადაიქცა: ტრამპმა ციხის ფოტოს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნების შემდეგ, ერთ დღეში 4,18 მილიონი დოლარი შეაგროვა.
Politico-ს ცნობით, მისი საარჩევნო შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში გამოჩენის შემდეგ, არჩევნებისთვის 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა შეგროვდა.
გამოცემის ცნობით, გაიზარდა იმ პროდუქციის ონლაინ-გაყიდვებიც, რომლებზეც დატანილი იყო ტრამპის დაპატიმრების დღეს გადაღებული ცნობილი ფოტო წარწერით - “არასოდეს დანებდე”.
მას შემდეგ, რაც ტრამპი დააკავეს, კამპანიამ ტრამპის გამოსახულებიანი მაისურების, პლაკატებისა და სტიკერების გაყიდვა დაიწყო. ნივთები ასევე შეიცავს სლოგანს - "არასდროს დანებდე!"
24 აგვისტოს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით წელს სამართალდამცველებს მეოთხეჯერ ჩაბარდა. ამჯერად მისი საქმე შტატ ჯორჯიაში იწარმოება და ეხება 2020 წლის არჩევნების შედეგის ცვლილების მცდელობას.
თუმცა ამჯერად აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ატლანტის ციხეში, ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ, პირველად მოსთხოვეს კამერის წინ დადგომა და პატიმრის ფოტოს გადაღება, პროცესი, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა ეჭვმიტანილი გადის. ფულტონის ოლქის ხელისუფლებამ ფოტო ტრამპის მიერ ციხის დატოვებიდან მცირე ხნის შემდეგ გამოაქვეყნა.
0
0