
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევს სთხოვდა უარი ეთქვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას და რომელშიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნაზე იყო საუბარი, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, თავდაპირველად ვაშინგტონმა კიევს შესთავაზა გაერო-ს რეზოლუციის პროექტის შეცვლა, რათა „ის უფრო სუსტი გაეხადა“. შემდეგ აშშ-მა წარადგინა საკუთარი რეზოლუციის პროექტი და უკრაინას მოსთხოვა უკან წაეღო თავისი ვარიანტი, რომელიც უკვე შეთანხმებული იყო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან.
„ვაშინგტონ პოსტის“ უკრაინულმა წყარომ განაცხადა, რომ ამ წინადადებამ კიევი „შოკში ჩააგდო“ და პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებული რეზოლუციის გამოთხოვა აუკრძალა.
„მათი წინადადება ძალიან მოკლეა და სრულიად ახალ ფორმულირებებს შეიცავს. ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს უფრო პუტინისთვის დათმობებისკენ მოწოდებას ჰგავს, ვიდრე მშვიდობისკენ მოწოდებას“, – განაცხადა წყარომ.
მანამდე, „ესოშიეთიდ პრესმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და ევროპა გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებულ რეზოლუციებს წარადგენენ. ორივე რეზოლუცია დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავთან, რა დროსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა არასავალდებულო რეზოლუციებს კენჭს უყრის.
0
0