
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ შეზღუდა ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მცდელობა, დონალდ ტრამპის 10-მილიარდიანი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე იერიშის მოვლენები ხელახლა განიხილოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Fox News ავრცელებს.
მოსამართლე ენჟოლიკ ლეტის გადაწყვეტილებით, ბრიტანულ ტელეკომპანიას უფლება აქვს გამოიკვლიოს, თუ როგორ აღიქვა საზოგადოებამ ტრამპის სიტყვით გამოსვლა, თუმცა უშუალოდ კაპიტოლიუმის არეულობის დეტალებისა და მიზეზების ხელახალი სასამართლო განხილვა არ მოხდება.
ტრამპის იურიდიული გუნდი, BBC-ის, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებასა და ყურადღების გადატანაში ადანაშაულებს.
ადვოკატების თქმით, ტელეკომპანია ცდილობდა საქმის მასშტაბები გაეზარდა, რათა ფოკუსი საკუთარი სარედაქციო დარღვევებიდან სხვა თემაზე გადაეტანა.
სამართლებრივი დავა ეხება 2024 წლის დოკუმენტურ ფილმს, სადაც ტრამპის თითქმის ერთსაათიანი გამოსვლიდან სხვადასხვა დროს ნათქვამი ფრაზები ისე იყო დამონტაჟებული, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მან მომხრეებს კაპიტოლიუმში ძალადობრივი მოქმედებებისკენ პირდაპირ მოუწოდა.
მონტაჟისას ასევე ამოჭრილი იყო ტრამპის სიტყვები მშვიდობიანი პროტესტის მოწოდების შესახებ. აღნიშნულ სკანდალს გასულ წელს BBC-ის გენერალური დირექტორისა და ახალი ამბების ხელმძღვანელის გადადგომა მოჰყვა, ხოლო მაუწყებლის თავმჯდომარემ ტრამპს მონტაჟის გამო წერილობითი ბოდიში მოუხადა.
სასამართლო მოსმენაზე, მოსამართლემ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრამპის მხარემ გარკვეული ფინანსური დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, რადგან სარჩელში საუბარია მის ბიზნესსა და რეპუტაციაზე მიყენებულ მატერიალურ ზიანზე.
მიუხედავად იმისა, რომ მედიის ნაწილმა ეს ტრამპის იურიდიულ დარტყმად შეაფასა, ექსპრეზიდენტის გუნდში განმარტავენ, რომ მოსამართლის მოთხოვნა ბევრად უფრო შეზღუდული და ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული, ხოლო დავის მთავარი საგანი ტრამპის პირადი რეპუტაციის შელახვაა.
0
0