
ვისურვებდი, ირანის ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ თაფლით ხშირად უფრო მეტს იღებ, ვიდრე ძმრით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„რატომ ამბობს ე.წ. უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ასე აშკარად და უგუნურად, რომ მან მოიგო ომი ისრაელთან, როცა იცის, რომ მისი განცხადება ტყუილია? როგორც დიდი რწმენის ადამიანი, მას არ ეკადრება ტყუილი. მისი ქვეყანა განადგურდა, მისი სამი ბოროტი ბირთვული ობიექტი აღიგავა პირისაგან მიწისა, და მე ზუსტად ვიცოდი, სად იმალებოდა ის, და არ მივეცი ისრაელს, ან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მისი სიცოცხლის დასრულების უფლება. მე გადავარჩინე ის ძალიან მახინჯი და სამარცხვინო სიკვდილისგან, და მას არ მოუწევს თქვას „მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვმუშაობდი სანქციების შესაძლო მოხსნაზე და სხვა საკითხებზე, რაც ირანს ბევრად უკეთეს შანსს მისცემდა სწრაფი და სრული აღდგენისთვის - სანქციები მწარედ მოქმედებს! მაგრამ არა, ამის ნაცვლად მივიღე გაბრაზების, სიძულვილისა და ზიზღის შემცველი განცხადება და დაუყოვნებლივ შევწყვიტე ყოველგვარი მუშაობა სანქციების შემსუბუქებასა და სხვა საკითხებზე. ირანი უნდა დაუბრუნდეს მსოფლიო წესრიგის დინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.
0
0