
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებთან ერთად, აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა.
ტრამპის კომენტარები მას შემდეგ გავრცელდა, რაც სი ძინპინმა, პეკინში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ყველაზე მასშტაბურ აღლუმზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლა.
„გთხოვთ, გადაეცით ჩემი „თბილი მოკითხვა“ ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, რადგან თქვენ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
სოციალურ მედიაში აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ახსენა „უზარმაზარი მხარდაჭერა და „სისხლი“, რომელიც აშშ-მა ჩინეთისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს გაიღო.
„ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ სწრაფვის ხელშეწყობისთვის ბევრი ამერიკელი დაიღუპა. იმედი მაქვს, რომ მათ სამართლიანად პატივს მიაგებენ და გაიხსენებენ თავიანთი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის!“, - თქვა ტრამპმა.
BBC-ის შეკითხვაზე, თვლის თუ არა, რომ პეკინი და მისი მოკავშირეები აშშ-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობენ, ტრამპმა უპასუხა:
„არა. სულაც არა. ჩინეთს ვჭირდებით. როგორც იცით, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ სისთან. თუმცა, ჩინეთს ჩვენ გაცილებით მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი. მე საერთაშორისო კოალიციის შექმნის მცდელობას საერთოდ ვერ ვხედავ“.
ასევე, სკოტ ჯენინგსის რადიო ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ აწუხებს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაფართოება.
„ამერიკას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს და ისინი [ჩინელები] არასდროს გამოიყენებენ თავიანთ სამხედრო ძალებს ჩვენს წინააღმდეგ. დამიჯერეთ, ეს ყველაზე ცუდი რამ იქნებოდა, რაც კი მათ შეუძლიათ ოდესმე გააკეთონ.
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ალასკაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ამის თქმა შემიძლია. აშშ რაღაცას [დაკონკრეტების გარეშე] გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინაში ხალხს დაეხმაროს“, - თქვა ტრამპმა.
0
0