
მარ-ა-ლაგოში, საკუთარ რეზიდენციაში, საშობაო ნაძვის ხესთან მჯდომმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ იმ ბავშვების სატელეფონო ზარებს უპასუხეს, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობაში დარეკეს. როგორც ცნობილია, საჰაერო თავდაცვის სარდლობა ყოველ შობის წინა დღეს მთელ მსოფლიოში სანტას მარხილს აკონტროლებს.
ოკლაჰომელი ბავშვების შეკითხვაზე - რატომ აკვირდებიან სანტას? - ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის არ არის ფარულად შემოპარული. ჩვენს ქვეყანაში ცუდ სანტას არ ვუშვებთ.” სატელეფონო საუბრების დროს, დონალდ ტრამპმა ქვეყნის მდგომარეობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის „შესანიშნავ მდგომარეობაშია“.
კანზასში მცხოვრებმა რვა წლის გოგონამ პრეზიდენტს განუცხადა, რომ მას საჩუქრად ნახშირი არ სურდა, სანაცვლოდ კი - ბარბის თოჯინა, ტანსაცმელი და ტკბილეული ერჩივნა, ტრამპმა უპასუხა: „თქვენ სუფთა, ლამაზ ნახშირს გულისხმობთ. მაინც უნდა მიიღოთ ეს საჩუქარი. ბოდიშს გიხდით..“.
კიდევ ერთ სატელეფონო საუბარში, ჩრდილოეთ კაროლინადან რვა წლის ბავშვს, რომელმაც ჰკითხა, “გაბრაზდებოდა თუ არა სანტა, თუ მას ნამცხვრებს არავინ დაუტოვებდა,” ტრამპმა უპასუხა:
„სანტა ცოტათი პუტკუნაა. იცით, რას არის პუტკუნა? - ცოტათი მძიმე. ვფიქრობ, სანტას ნამცხვრები მოეწონებოდა“.
პრეზიდენტმა ბავშვებს განუცხადა, რომ მას ზარებზე პასუხის გაცემა „მთელი დღის განმავლობაში“ შეეძლო, თუმცა დასძინა, რომ უკრაინასთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად „სხვა საქმეებზე“ მუშაობა მოუწევს.
სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა: „გილოცავთ შობას ყველას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლად, მაგრამ ამას მაინც ვერ ახერხებენ!“.
0
0