
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე დაწერა, რომ ამაყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობით.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის მოგვარებას დავეხმარო და ამავდროულად, ორ დიდ ლიდერთან და კაცთან - პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დავმეგობრდე. ეს ჩემთვის, მაგრამ რაც მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც მარადიული მეგობრობა იქნება“, - თქვა ტრამპმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მის პოსტს უპასუხა და ამერიკის პრეზიდენტს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, აზერბაიჯანთან ამ ისტორიული შეთანხმების შუამავლობისთვის, რომელსაც აქამდე არავინ მიაღწია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ერთგულებას მშვიდობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და TRIPP-ის განხორციელების მიმართ“, - დაწერა ფაშინიანმა.
8 აგვისტოს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ ერთობლივ ცერემონიაზე, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანსა და მის შემადგენელ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ, რომელიც სომხეთზე გაივლის. ასევე გამოქვეყნდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი. მასში სომხეთი და აზერბაიჯანი უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებსა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.
0
0