
ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მურმან ჯინორია, ასევე ქართველი მსახიობი, სახალხო არტისტი ლეო ანთაძე თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდნენ. ჯილდო მათ თბილისის მერმა "თბილისობის" მთავარ ღონისძიებაზე გადასცა.
"ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო. ორი წლის წინ რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს და დღეს თბილისის, ძალიან ბედნიერი ვარ. გილოცავთ ყველას "თბილისობას" - აღნიშნა ლეო ანთაძემ.
"არ ვიცი რა ვთქვა, იმდენად ვარ გახარებული. მოულოდნელია ჩემთვის. ბატონო კახი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ამდენი რამ გამაკეთებინა ამ 50 წლის განმავლობაში. მადლობა ჩემს ოჯახს, რომ გვერდში მიდგას, მადლობა ჩემს ძვირფას მაყურებელს, თქვენი გულისთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც ღმერთმა შემაძლებინა" - აღნიშნა მურმან ჯინორიამ.
თბილისის მერმა კახა ჯალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას "თბილისობა 2023" მიულოცა. ჯილდო 26 ადამიანს გადაეცა.
თავის სიტყვაში დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საპატიო თბილისელის წოდების მნიშვნელობას და იმ წვლილს, რომელიც დასახელებულმა მოქალაქეებმა თბილისის განვითარებაში შეიტანეს. მანვე პატივი მიაგო გარდაცვლილ საპატიო თბილისელთა ხსოვნას.
„დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ.
მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0