სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვას ესწრებოდა თავად პატრიარქიც.
უწმინდეს მღვდელმთავრების სახელით პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მიმართა.
„როდესაც უფალი ადამიანს ჯვარს ანიჭებს, იგივე უფალი შველის მის ტვირთვაში და მეც მუდამ ვგრძნობდი ღვთის მარჯვენის შემწეობას - იხსენებთ თქვენ და ჩვენც მოწმენი ვართ იმ ხილული საოცრებისა, როდესაც ღვთის შეწევნითა და თქვენი დიდი ღვაწლით, საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის ურთულეს პერიოდში ეკლესიისგან დაშორებული ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნება დაიწყო.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისთვის და მამობრივი სიყვარულისთვის. თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორს მჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით, თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღსაყდრების დღე. გისურვებთ უფლის შემწეობას, სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, - მიმართა მეუფემ კათოლიკოს-პატრიარქს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.
0
0