
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ოდესის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის პატრიარქ კირილს ფერიცვალების ეკლესიაში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.
წერილში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ომის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა. წერილი ტაძრის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.
"თქვენს ქადაგებებში არაერთხელ გისაუბრიათ "წმიდა რუსეთის" ერთიანობაზე, რომელსაც თქვენი კურთხევითა და საქმით სრულად ანადგურებთ. ასევე გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ სწორედ პირადად თქვენი კურთხევით, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დღეს სჩადიან უსაქციელობასა და გაცხადებულ ომს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე... შეწყვიტეთ სისხლისღვრა! თქვენი ეპისკოპოსები და მღვდლები აკურთხებენ ტანკებსა და რაკეტებს, რომლებიც ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ.
დღეს, როდესაც მე მოვედი კომენდანტის საათის დასრულების დროს ოდესის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში, ვიხილე, რომ თქვენ მიერ "დალოცვილი" რუსეთის ფედერაციის რაკეტა პირდაპირ წმიდათა წმიდა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ დიდი ხანია, რაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თქვენს აზროვნებასთან საერთო უკვე აღარაფერი აქვს. პირადი ამბიციების გამო, თქვენ დაკარგეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა ეკლესიები "წმიდა რუსეთის" ქვეყნებში!". – წერია მთავარეპისკოპოსის წერილში.
ამას გარდა, ოდესის მთავარეპისკოპოსი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს მოუწოდებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშორდნენ.
"მოვითხოვთ ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს! ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიერ არის არჩეული. გულწრფელად გთხოვთ – შეჩერდით. ყოველი რაკეტა, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე ეცემა, მისი მცხოვრებთათვის მიიღება, როგორც თქვენი "კურთხევა" შვილების მიმართ". – წერს მთავარეპისკოპოსი ვიქტორი.
აღსანიშნავია, რომ წერილი დაწერა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა და არა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელმაც ავტოკეფალია 2019 წელს მიიღო.
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ოდესის ფერიცვალების ტაძრის რაკეტით განადგურებასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
0
0
მარნეულში, ქორწილში, მამაკაცი დაჭრეს
22/04/2026