18/04/2023
21:36
პოლიტიკა
"თქვენ ხართ დამნაშავეები, კრიმინალები... ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალია", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს.
"თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კრიმინალები, თქვენს სინდისზეა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ ციხეში გამოკეტილი. ათი ათასობით ადამიანმა უსამართლოდ გამოიარა ჯოჯოხეთური ციხე თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ამ დანაშაულისთვის თქვენ საბოლოოდ პასუხს აგებთ პოლიტიკურად. ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალია.
გარდა იმისა, რომ 25 ათასი ადამიანი იყო ციხეში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14-ჯერ შემცირდა თქვენი ხელისუფლების შემდეგ. თქვენი სისტემის გამო, ასეულობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ნაადრევი სიკვდილით. თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აინიციირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით. ალბათ დამეთანხმებით, უტიფრობის უმაღლესი ხარისხია", - ამბობს კობახიძე.
როგორც ცნობილია, დღეს სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა. საკითხის კენჭისყრაზე გასატანად 76 დეპუტატის რეგისტრაცია იყო საჭირო მაშინ, როცა 51-მა დეპუტატმა გამოთქვა კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნა.
"კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება" - გამოაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
0
0