
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ხმის ამოღება და შეხვედრა 52-ე მუხლით რეგულირდება, მაშინ ცერემონიული თუ პროტოკოლური ხასიათის წერილების გაგზავნაზეც მთავრობის თანხმობა უნდა იყოს საჭირო, რასაც პროცესი აბსურდამდე მიჰყავს.
ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
“პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ. თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
0
0