
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.
"თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ გვიკარნახოთ, თუ რას ვიგრძნობთ. მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშებით. და რასაც თქვენ აკეთებთ არის ძალიან დიდი უპატივცემულობა ამ ქვეყნის მიმართ" - უთხრა ტრამპმა ზელენსკის.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ზელენსკი ხელს არ მოაწერს ე.წ. წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, მაშინ შტატები დატოვებს სამშვიდობო მოლაპარაკებას.
"ან მოაწერთ ხელს ამ შეთანხმებას, ან ჩვენ დავტოვებთ ამ მოლაპარაკების პროცესს და თუ ჩვენ დავტოვებთ, მაშინ ნახავთ, რომ სიტუაცია ძალიან გართულდება". - თქვა ტრამპმა.
მან კამათის დროს ასევე მიმართა ზელენსკის:
"თქვენ გსურთ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე, შემდეგ მივიდე და შეთანხმებაზე მოველაპარაკო - ეს ასე არ მუშაობს". - აღნიშნა ტრმპმა.
მისივე თქმით, ის არ არის პუტინის მხარდამჭერი:
„მე პუტინის მხარდამჭერი არ ვარ. მე მხოლოდ აშშ-ისა და მსოფლიოსთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი ინტერესების დაცვა მინდა,’’ - თქვა ტრამპმა.
0
0