02/11/2024
20:01
საზოგადოება
ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკას ქართველი მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია გამოეხმაურა.
მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვირუსული კადრები გახდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ არის გადაღებული და რონალდუ, MMA-ს მწვრთნელ ერიკ ნიკშიკთან ილიაზე საუბრობს, სადაც ამბობს, რომ ის "ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს".
"თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ვფიქრობ, როდესაც მან ვოლკანოვსკი დაამარცხა, “ვოლკი“ უბრალოდ ამ დარტყმისთვის მზად არ იყო. ილიას საუკეთესო მებრძოლებთან არ უჩხუბია. ის თუ მაქს ჰოლოუეის მოუგებს, მაშინ ვაღიარებ. მაქსი არასოდეს დანოკაუტებულა, ამიტომ თოფურიას მასთან გაუჭირდება.“
რონალდუს თოფურია სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მიუხედავად ფეხბურთის ლეგენდის მკაცრი კრიტიკისა, თოფურია მის მიმართ მოკრძალებულ კომენტარს აკეთებს.
”მე არ ველოდი შენგან რომ ვერ გაარჩევდი თავდაჯერებულობასა და ქედმაღლობას. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი საკუთარი რეალობის სხვებზე პროეცირებას ვახდენთ. ამიტომ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ კარიერაში, ღმერთმა დაიფაროს შენი ოჯახი“, - წერს თოფურია სოციალურ ქსელში.
ილია თოფურიამ MMA-ში 16 ბრძოლა ჩაატარა და 16 გამარჯვება მოიპოვა. ერთი კვირის წინ ქართველმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა და UFC-ის ტიტული დაიცვა.
0
0