18/09/2024
10:59
მსოფლიო
წყალქვეშა ნავ ,,ტიტანის” მწარმოებელი კომპანია OceanGate-ის ყოფილმა საოპერაციო დირექტორმა დევიდ ლოჩრიჯმა აშშ-ის სანაპირო დაცვის გამომძიებლებს განუცხადა, რომ ოკეანეში ნავის აფეთქება "გარდაუვალი" იყო, რადგან კომპანიამ ყველა სტანდარტულ წესს "გვერდი აუარა". ლოჩრიჯის მიერ საჯაროდ მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წელს სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ლოჩრიჯმა აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოტენციური პრობლემების შესახებ გააფრთხილა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.
როგორც ცნობილია, 2023 წლის ივნისში, ექსპერიმენტული ექსპედიციის დროს, ,,ტიტანის” ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ,,ტიტანის” ტრაგედიის საქმეზე საჯარო სასამართლო მოსმენები 17 სექტემბერს დაიწყო. გამოძიება 15 თვეა მიმდინარეობს. აშშ-ის სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ლოჩრიჯისთვის შემაშფოთებელი იყო „ტიტანის“ დაპროექტების ხარისხი, მათ შორის ის ფაქტი, რომ წყალქვეშა ნავი ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადდა. ლოჩრიჯი სტოკტონ რაშს აფრთხილებდა, რომ ოკეანეში ნავის ყოველი გაშვების დროს მასალა კიდევ უფრო დაზიანდებოდა.
როგორც ლოჩრიჯმა აშშ-ის სანაპირო დაცვის გამომძიებლებს განუცხადა, OceanGate-ის "მთელი იდეა ფულის შოვნა იყო და არა სამეცნიერო ექსპედიციის რეალურად განხორციელება".
ლოჩრიჯმა ასევე კომპანიის პერსონალს და აღმასრულებელ დირექტორს "ამპარტავნები" უწოდა და თქვა, რომ მათ უარი განაცხადეს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერტებთან თანამშრომლობით „ტიტანის“ წყალქვეშა ნავის დაპროექტებაზე.
”მათ ეგონათ, რომ, სათანადო საინჟინრო მხარდაჭერის გარეშე, ნავის დაპროექტებას დამოუკიდებლად შეძლებდნენ ”, - თქვა ლოჩრიჯმა.
OceanGate-ის ყოფილმა საინჟინრო დირექტორმა ტონი ნისენმა ასევე განაცხადა, რომ მან, რამდენიმე წლით ადრე, წყალქვეშა ნავით ექსპედიციაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.
”ზეწოლის მიუხედავად, სტოკტონ რაშს ვუთხარი, რომ ნავში არ ჩავჯდებოდი. გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო წყალქვეშა ავარიის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, მათ შორის ის, რომ მისი ბატარეები დაიცლებოდა და მგზავრები 27 საათის განმავლობაში ნავში ჩარჩებოდნენ”, - თქვა ნისენმა.
წყალქვეშა ნავის ტრაგედიის შემდეგ OceanGate-მა ყველა საძიებო და კომერციული საქმიანობა შეაჩერა.
0
0