
UNESCO-ს გადაწყვეტილება ქართული კულტურის კიდევ ერთი ტრიუმფია. საამაყოა, რომ საქართველომ უკვე მეცხრე ფურცელი გადაშალა მსოფლიო მემკვიდრეობაში - ქართული ჭიდაობის, ჯვრის მონასტრისა და გელათის, სვეტიცხოვლისა და ჩაჟაშის, ქართული დამწერლობისა და ქვევრის ღვინის, მრავალხმიანობის გვერდით, მსოფლიო საგანძურს ქართული ხორბალიც შეემატა, - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ UNESCO-ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, ხორბლის კულტურა ფასდაუდებელი სიმდიდრეა, რომელიც ქართველმა ხალხმა ადათ-წესებითა და რიტუალებით შემოინახა. მან ქრისტიანობაში, ეკლესიის წესებში ხორბლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და, ასევე, ხორბლის კულტურის შენარჩუნებაში ფერმერების, მეწარმეებისა და მეცნიერების როლს გაუსვა ხაზი.
„UNESCO-ს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნიკალური და უძველესი კულტურის ქვეყანა ვართ; ჩვენი ერთიანობით კი შეგვიძლია, მსოფლიოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობა დავუსაბუთოთ“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
1
0