
დავიწყეთ დამოუკიდებლობის დღეების ფართომასშტაბიანი აღნიშვნა მთელ მსოფლიოში, ხმამაღლა და ამბიციურად რაც შეგვიძლია გავაჟღეროთ, ეს არის ქართული მრავალხმიანობა, ჩვენი უნიკალური კულტურა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ საქართველოს პირველ არხის ეთერში განაცხადა.
თინათინ რუხაძის თქმით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღებები გაიმართა ევროპაში, აღმოსავლეთში, ახლო რეგიონში.
„ვულოცავ მთელ საქართველოს. წელს სიახლე არის ის, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დავიწყეთ დამოუკიდებლობის დღეების ფართომასშტაბიანი აღნიშვნა მთელ მსოფლიოში. ხუთ ქვეყანაში უკვე აღინიშნა, სულ 22 ქვეყანაში აღვნიშნავთ. თავადაც ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში ვიზიტით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით ათასამდე ქართველი ხელოვანი მონაწილეობს. ვფიქრობთ, ამას აქვს ძალიან კარგი გამოხმაურება საერთაშორისო მასშტაბით. მსოფლიოში ხმამაღლა და ამბიციურად რაც შეგვიძლია, გავაჟღეროთ, ეს არის ქართული მრავალხმიანობა, ჩვენი უნიკალური კულტურა, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებობს ასეთი პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს ღირსება, ძალიან დიდი ძველი კულტურული ტრადიციები, უნიკალური კულტურა, რომელიც ხმამაღლა უნდა ჟღერდეს მთელ მსოფლიოში. ძალიან კარგი მიღებები იყო ევროპაშიც, აღმოსავლეთშიც და ახლო რეგიონშიც უკვე სადაც ვიყავით, არის მოწვევები. ბედნიერი ვარ, ვესაუბრე ჩვენი კულტურის წარმომადგენლებს, ვინც ჩართული არიან და ძალიან დიდი მოლოდინი აქვთ, რომ მსოფლიოში ძალიან კარგი უკუკავშირი გვექნება სახელოვნებო წრეებთან“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ამასთან, კულტურის მინისტრის თქმით, ტრადიციულად, საქართველოს რეგიონებში ძალიან კარგად იქნება წარმოჩენილი სამინისტროები და დარგები შემაჯამებელი სამუშაოებით, ყველგან იქნება ჩართული კულტურის კომპონენტი.
„ჩვენ კოორდინირებულად ვიგეგმებოდით და ვეცადეთ, რომ კულტურის მოღვაწეები ყველგან მაქსიმალურად ყოფილიყვნენ წარმოჩენილი, დაწყებული საესტრადო პროფესიული მუსიკიდან, დამთავრებული ფოლკლორით, ხალხური ანსამბლებით. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს, ვფიქრობ, უნიკალური კულტურის, მემკვიდრეობის და ტრადიციების ქვეყანაში მთავარია ის ღირსებები და თვისებები, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ყოველთვის ჰქონდა. ეს არის ჰუმანურობა, ტოლერანტულობა, შემწყნარებლობა, ერთმანეთის სიყვარული, დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით, გაძლიერებით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას და რეგიონს სჭირდება მშვიდობა, მეტი განვითარება, რათა ყველა ადამიანი ღირსეულად ცხოვრობდეს ამ კარგ და ლამაზ ქვეყანაში“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
0
0