
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის მშობლები მოინახულა.
9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამართული მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისას, ტრაგიკულად დაიღუპა მე-10 კლასის მოსწავლე ეკა ბეჟანიშვილი, რომელიც ასაკით ყველაზე პატარა იყო. ტრაგედიის დღეს, ეკას დედა ლილი ყანჩაველი მძიმედ მოიწამლა, რის გამოც შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო და დღემდე აგრძელებს მკურნალობას.
,,9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრები მოვინახულე. რთულია, შესაბამისი სიტყვები მოძებნო და მშობლები ანუგეშო. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის უდიდესი ტრაგედია, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეცაა. ამიტომ, ათეული წლების შემდეგაც კი, ეს დღე ერთდროულად სევდასთან და იმედთან ასოცირდება’’, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
1991 წელს თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ეკა ბეჟანიშვილის სახელი ეწოდა. ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე კი, ბეჟანიშვილის ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცათ.
0
0