09/06/2023
16:04
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ოპოზიციური პარტიების წევრების ინიციატივას გამოეხმაურა ალტერნატიული გენდერული საბჭოს შექმნის თაობაზე.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ეს არის პარტიული დღის წესრიგის შემოტანა გენდერულ საკითხებში, რითაც ოპოზიციური პარტიის წევრები აზიანებენ იმ ადამიანების უფლებებს, რომლებსაც საბჭოს გვერდში დგომა სჭირდებათ და აჩენენ უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.
„ეს ადამიანები, ალტერნატიული საბჭოდან ემიჯნებიან საერთაშორისო კონვენციებს, რომლებსაც საქართველო შეუერთდა, ემიჯნებიან იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს გენდერული თანასწორობისთვის, ემიჯნებიან და არ მოსწონთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მაისის თვიდან ამოქმედდა ახალი მიდგომა შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით, ემიჯნებიან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკას, ემიჯნებიან ყველაფერს, რაც ქალების გაძლიერებისთვის კეთდება ამ ქვეყანაში.
ცხადია, არსებობს პრობლემები, სამწუხაროდ, გვაქვს ფემიციდის შემთხვევები და უფრო მეტი მუშაობა და მეტი მექანიზმი გვჭირდება თავიდან მათ ასაცილებლად. მაგრამ აუცილებელია ამ პროცესში საზოგადოების თითოეული წევრის მონაწილეობა და ჩვენი, ქალების, ერთად დგომა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ქალების პრობლემების დაძლევას სჭირდება სინერგია და არა ალტერნატიული საბჭოები.
„სამწუხაროდ, იმ ნაბიჯებით, რომელსაც თქვენ დგამთ ვერ გაუზრდით რეიტინგს ერთ კაციან პარტიებს, ვერც ქალებს დაეხმარებით. თქვენი მუშაობა იქნება ჩვენი უმიზეზო კრიტიკა, რომელიც მოგცემთ არაფერს. საბჭო გააგრძელებს მუშაობას თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გუშინ დავიწყეთ სასწავლო- გამაჯანსაღებელი პროგრამა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალებისთვის, რომლის ფარგლებშიც 20 ზე მეტი ქალი გადამზადდება“,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა
0
0