
ვისურვებდი, საქართველოს იმ კრიმინალურ-მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ომში ჩვენი მტრული სახელმწიფოს მხარეს არის, არამედ მართავდეს ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განაცხადა.
ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილი ამბობს: „ევროკავშირმა 120 მილიარდით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? ლიეტუვა, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო შეაქვს რუსეთში, ჩვენ გვეუბნება რამეს?“.
„შალვა პაპუაშვილმა ძალადობრივი ხასიათი გამოავლინა უმაღლეს ტრიბუნაზე, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია. რაც შეეხება დასავლეთის და კონკრეტული წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ნაწილში რუსეთზე, ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და გეოსტრატეგიული შეცდომა, რომლის გამოსწორების პროცესშიც არის ახლა ევროკავშირი. ვიცით, რომ მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციისგან ახლა სრულიად ენერგოდამოუკიდებელი ხდება ან უკვე გახდა, რაც არის რუსეთის და მისი ომის მანქანის დასუსტების მთავარი საფუძველი.
ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რუსეთი უკრაინასთან ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და უფრო დასუსტებული თუ არა, იმაზე დანაწევრებული გამოვა, ვიდრე ის იყო მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი დაიწყო. ამიტომ, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, საქართველოს დღეს იმ კრიმინალურ-მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ომში ჩვენი მტრული სახელმწიფოს მხარესაა, არამედ ის ძალა მართავდეს, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0