
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზეც.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ ინსტრუმენტებზე, „რათა მაქსიმალური სამართლებრივი და ფინანსური საერთაშორისო წნეხი ამოქმედდეს ივანიშვილზე“.
„ყველას ახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუცია. ამ ინსტიტუციას წარმოადგენს სწორედ ის ორი მომხსენებელი, რომელიც საქართველოშია. ეს არის მოწოდება რუსულ რეჟიმზე, რომ შეჩერდეს რეპრესიული ნაბიჯები და არის აღიარება, რომ პარტიების გაუქმება საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციის ტოლფასია. ამიტომ, ამ თემაზე იყო საუბარი. ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე. გარდა მომხსენებლების ანგარიშისა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრივ, საუბარი იყო სხვა კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ არის, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ისევე როგორც კონკრეტული ანტიკორუფციული ინსტრუმენტების ამოქმედება, რათა მაქსიმალური სამართლებრივი, ფინანსური საერთაშორისო წნეხი ამოქმედდეს ივანიშვილზე რეპრესიული რეჟიმის შესაბოჭად და საბოლოოდ დასამარცხებლად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, „4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ხომ არ იყო კითხვები ან თქვენ ხომ არ მიგიწოდებიათ ინფორმაცია, ხომ არ დაგმეს ძალადობა, რაც 4 ოქტომბერს განხორციელდა?“, ბოკუჩავამ აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, ჩვენ, პარტიები, რომლებიც შევხვდით თანამომხსენებლებს, ვართ პარტიები, რომლებმაც ავირციეთ ბრძოლის სტრატეგია და არა რეჟიმთან თანამშრომლობის. შესაბამისად, მონაწილეობა არ მიგვიღია 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციაში, რომელსაც რეჟიმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეძახდა. ამაზე ხაზგასმით კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, ამაზე მეტყველებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ისტორიულად დაბალი აქტივობა, მოქალაქეთა მონაწილეობის რაოდენობა ამ ე.წ. არჩევნებში. ეს ძალიან კარგად ესმით საერთაშორისო პარტნიორებს. სწორედ ამიტომ არის, რომ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რეჟიმს ე.წ. არჩევნების არც საერთაშორისო აღიარება მიუღია“.
0
0