
რეჟიმმა დღეს განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი, აზრის გამოხატვა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების და მოქალაქეების დაცვა, არის კრიმინალი, დანაშაული და ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პატიმრობით ისჯება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის იმის ღია დასტური, რომ ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას აპირებს, სადაც არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები აიკრძალება, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვა.
„გაუქმდებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი, ასევე გაუქმდება საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი სახელმწიფო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ეს არის ის მომავალი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანას უქადის.
„ივანიშვილის რეჟიმს მხოლოდ ერთიანობის ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაშია 2012 წლიდან და არასოდეს უკან არ დაუხევია, მინდა, გითხრათ, რომ დღეს ივანიშვილს არ ეშინია არცერთი პოლიტიკური პარტიის, არცერთი პოლიტიკური გაერთიანების, არცერთი პოლიტიკური ლიდერისა და არცერთი პოლიტიკოსის, მაგრამ ძალიან ეშინია ჩვენი ერთიანობის. ადამიანები, რომლებსაც პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში თავისუფლებაზე იქნებოდნენ ტოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ რეჟიმის დამარცხების მიზნით ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა ვერ შევძლოთ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე კი, რომელიც არის ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მთავარი პოლიტიკური საფრთხე, ივანიშვილმა გამოაცხადა რომ ის „ფეისბუკზე“ პოსტების გამო დამატებით დარჩება უკანონო ტყვეობაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, სწორედ ეს არის აბსურდულობის ფაზა, რომელშიც დიქტატურა შევიდა, ხოლო ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა.
„სწორედ ამიტომ, მინდა, ძალიან ცხადად ვუთხრა რეჟიმის წარმომადგენლებს, გაგრძელდება ის ბრძოლა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა გაგრძელდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლო, ქუჩა, სამოქალაქო აქტივისტები, თუ სხვა პოლიტიკოსები ყველა ფრონტზე. „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდმა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჩაატარა საგარეო მინისტრებთან, მოადგილეებთან, ევროკომისრებთან იმ მიზნით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ავაცილოთ ის უდიდესი საფრთხე, რის წინაშეც რეჟიმმა ისინი დააყენა – უვიზო რეჟიმის წართმევის გზით. როგორც მზია ამაღლობელმა თქვა, უნდა ვიბრძოლოთ, ვიდრე გვაქვს ამისი შესაძლებლობა, ვიდრე გვიანი არ არის, როგორც ზურა ჯაფარიძემ თქვა, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ამისთვის აუცილებელია ერთობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0