19/01/2025
23:09
სოც-ქსელები
აშშ-ში „ტიკ ტოკი“ ბრუნდება. როგორც „სიენენი“ წერს, თითქმის 12 საათის შემდეგ, რაც „ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა, აპლიკაცია 170 მილიონი მომხმარებელისთვის ისევ ხელმისაწვდომი ხდება. „ტიკ ტოკზე“ შესულ ამერიკელ მომხმარებლებს კი ხვდებათ შეტყობინება, რომ ის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა.
„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. მადლობა მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით, „ტიკ ტოკი“ ამერიკაში დაბრუნდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
19 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ გამოსცემს ბრძანებას, რათა გადაავადოს „ტიკ ტოკის“ შესახებ კანონის აღსრულება. განცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის მომხმარებლებისთვის „ტიკ ტოკის“ აპლიკაციასა და ვებგვერდზე წვდომა აღდგა.
„ტიკ ტოკის“ მფლობელი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპლიკაციის გადარჩენის შესახებ ტრამპის დაპირება საშუალებას აძლევს მათ, აღადგინონ აშშ-ის მომხმარებლების წვდომა, მოსალოდნელი აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერამდეც კი.
„ჩვენი სერვისის მომწოდებლებთან შეთანხმებით, „ტიკ ტოკი“ ახორციელებს მომსახურების აღდგენის პროცესს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიაში ასევე მადლობას უხდიან ტრამპს და აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ ტრამპთან ისეთი გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომ შეძლონ „ტიკ ტოკის“ შენარჩუნება ამერიკაში.
„ტიკ ტოკის“ გარდა, გაუქმდა და აღარ იყო ხელმისაწვდომი ByteDance-ის სხვა აპლიკაციებიც, მათ შორის, ვიდეოს დამუშავების აპლიკაცია Capcut-ი და სოციალური აპლიკაცია Lemon8.
ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, „ტიკ ტოკი“ ან გაყიდოს, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას.
0
0