
უკრაინის თანამდებობიდან დათხოვნილმა თავდაცვის მინისტრმა, ომისდროინდელი არჩევნების მოთხოვნითა და უკრაინული დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნის შესახებ გაფრთხილებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობას რუსეთის სრულმასშტაბური ინტერვენციის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა შეუქმნა, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „ზელენსკის მმართველობა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა - მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“.
მიხაილო ფედოროვმა, რომლის გასულ თვეში გადაყენებასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა, ვიდეომიმართვაში უკრაინის ხელისუფლება მკვეთრად გააკრიტიკა და დემოკრატიული პროცესის ნაკლებობაზე ილაპარაკა. მან კორუფციის, გადაჭარბებული ბიუროკრატიისა და კრონიზმის აღმოსაფხვრელად ფართომასშტაბური რეფორმების გატარება მოითხოვა.
ზელენსკიზე წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც რამდენიმე საათში უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებამ პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რეიდების სერია ჩაატარა. შედეგად, პრეზიდენტმა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან დაითხოვა.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გატარებული ექვსი თვის განმავლობაში ფედოროვმა ინოვატორის რეპუტაცია მოიპოვა. იგი აქტიურად ებრძოდა არმიაში არსებულ საბჭოურ მენტალიტეტს და ბიუროკრატიის შესამცირებლად ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს ამკვიდრებდა, როგორებიცაა დრონები და ციფრული ინსტრუმენტები.
„ხალხი ვერ იცხოვრებს მუდმივ გაურკვევლობაში, როდესაც არ ესმის, რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რატომ მიდის წინ ზოგიერთი რეფორმა და იბლოკება სხვები, ან რატომ იჭედება თვეობით სამთავრობო უწყებებში ის ნაბიჯები, რომლებიც ფრონტის ხაზზე დღესვეა სასიცოცხლოდ საჭირო“, - აღნიშნა ფედოროვმა. - „საკუთარი გადარჩენისთვის მებრძოლი ქვეყანა ასე უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს“.
პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, ფედოროვის განცხადება მიზნად ისახავს იმ საზოგადოებრივი უკმაყოფილების სათავისოდ გამოყენებას, რომელიც სავარაუდო კორუფციამ და ზელენსკის მიერ ომის წარმართვის მეთოდებმა გამოიწვია. ამ პროტესტის იშვიათი გამოვლინება გახდა ბოლო დროს ქუჩაში გამართული აქციები, რომლებიც პრეზიდენტის ნდობის რეიტინგის შემცირების ფონზე მიმდინარეობს.ა
0
0