01/11/2025
11:04

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულმა სანქციებმა დასავლეთისთვის დილემა გააცოცხლა - როგორ დააზიანოს მოსკოვის სამხედრო ბიუჯეტი ისე, რომ ეკონომიკური ზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას სანქციები დაუწესდა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს - „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ - აშშ-ს კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს მოსკოვის ნავთობის ექსპორტის შესაზღუდად.
ეს ზომები მოიცავს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ (ნავთობის ტანკერების) შავ სიაში შეყვანას და მეორადი სანქციების გამოყენებას სხვა ქვეყნების, მაგალითად, ჩინეთისა თუ ინდოეთის ბანკების, ტრეიდერებისა და გადამამუშავებელი საწარმოების მიმართ.
თუმცა, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ნავთობმწარმოებლის წინააღმდეგ ამ ყველა ზომის აღსრულება მიწოდებაში შოკის გამოწვევისა და ნავთობის ფასების ზრდის რისკს შეიცავს. მოსკოვზე ზეწოლა განსაკუთრებით სარისკოა ვაშინგტონისთვის იმ დროს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ტარიფების პოლიტიკამ გაურკვევლობა შეიტანა ინფლაციის ტენდენციებში და შუალედური არჩევნების სეზონი ახლოვდება.
სანქციები უკვე მთელ ევროპაში აისახება, სადაც „როსნეფტს“ და „ლუკოილს“ კვლავ აქვთ მიწოდების კონტრაქტები და საკუთარი ობიექტები. გერმანიამ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ გამონაკლისების მიღება მოითხოვეს. ორშაბათს „ლუკოილმა“ განაცხადა, რომ სანქციების გამო საერთაშორისო აქტივების გაყიდვას გეგმავს.
მოსკოვისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, ალბათ, შემცირდება, რადგან გართულებული ლოგისტიკა და გადახდის ბარიერები შეამცირებს მოგებას და რუსეთს იძულებულს გახდის, უფრო დიდი ფასდაკლებები შესთავაზოს, თუმცა ჯერჯერობით ანალიტიკოსები ელიან, რომ ექსპორტი სტაბილურად შენარჩუნდება. გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი, სანქციების თავიდან ასაცილებლად, მიმართავს თავის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს, გაუმჭვირვალე შუამავლურ ქსელებს და არადოლარულ ფინანსურ არხებს.
ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ მკაცრი სანქციები დააწესეს, მაგრამ აღსრულების ძალაუფლების ლომის წილი აშშ-ს ხელშია.
ხაზინის დეპარტამენტს გააჩნია აღსრულების მძლავრი ბერკეტი , რომელსაც ათწლეულების გამოცდილება აქვს სანქციების თავიდან არიდების გამოვლენაში. ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს არ გააჩნიათ ასეთი ცენტრალიზებული ზედამხედველობა.
ამავდროულად, აშშ და ევროპა სრულად არ არიან შეთანხმებული თავიანთ სანქციების პოლიტიკაში.
Brooks-ის მონაცემების თანახმად, ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 550-ზე მეტი გემი და გაერთიანებულმა სამეფომ დაახლოებით 500 გემი დაასანქცირა. ეს ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას და ამ გემების მფლობელებისა და ოპერატორების დასჯას. მათ ასევე ეკრძალებათ ევროპულ პორტებში შესვლა. აშშ-ის სამიზნე კი დაახლოებით 216 ტანკერი გახდა.
0
0