
მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება და მზადაა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კამპანია დააფინანსოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან სენატორობის კანდიდატს უკვე გამოუყო 10 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობები გამოსწორდა.
The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ კვირებში მასკის პოლიტიკურმა გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა პოტენციურ ქვეკონტრაქტორებთან, რომლებიც ციფრული პროექტების განვითარებისა და შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებზე იმუშავებენ.
როგორც გამოცემა იუწყება, 2024 წელს მასკმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერად, რის გამოც ის აშშ-ის უმსხვილეს პოლიტიკურ დონორად იქცა. ახლანდელი დაახლოება, როგორც გამოცემა წერს, განიხილება, როგორც პრაგმატული ალიანსი, რომელიც მასკს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს გავლენის არხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ხოლო თეთრ სახლს - ჰქონდეს წვდომა მის რესურსებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან მაისამდე მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ტრამპისა და მასკის ურთიერთობები გაფუჭდა.
0
0