08/03/2026
17:57

BBC-მ შეცდომით შეცვალა პიტ ჰეგსეტის გამოსვლა ირანის ომის შესახებ, რის გამოც შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მან თქვა, რომ შეერთებული შტატების სამიზნე ირანელი „ხალხია“, - წერს The Telegrap-ი.
BBC Persian-მა, რომელიც ირანის შიდა აუდიტორიისთვის მაუწყებლობს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის სიტყვები არასწორად თარგმნა და მაყურებელს უთხრა, რომ ვაშინგტონს სიკვდილი ირანელი „ხალხისთვის“ მოაქვს. სინამდვილეში, მისტერ ჰეგსეტმა თქვა, რომ სამიზნე ირანის „რეჟიმია“.
BBC-მ, რომელმაც ორშაბათს ჰეგსეტის პენტაგონში გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადასცა, სიტყვა „რეჟიმი“ თარგმნა როგორც „mardom“ - სპარსული სიტყვა, რომელიც „ხალხს“ ნიშნავს. მოგვიანებით ტელეკომპანიამ შესწორება გამოაქვეყნა.
თავის გამოსვლაში ჰეგსეტმა თქვა: „აღმოჩნდა, რომ რეჟიმმა, რომელიც გაჰყვიროდა „სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს“, თავად მიიღო სიკვდილი ამერიკისგან და სიკვდილი ისრაელისგან. ეს არ არის ე.წ. ომი რეჟიმის შესაცვლელად, თუმცა რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა და სამყარო ამით უკეთესი გახდა“.
მაგრამ, როდესაც BBC-მ ეს სპარსულად თარგმნა, ფრაზა ასე ჟღერდა: „აღმოჩნდა, რომ ხალხმა, რომელიც გაჰყვიროდა „სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს, თავად მიიღო სიკვდილი ამერიკისგან და სიკვდილი ისრაელისგან“.
Camera UK-ის (მედიის მონიტორინგის ორგანიზაცია, რომელიც ისრაელის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების აღკვეთას ცდილობს) წარმომადგენელმა განაცხადა: „კიდევ ერთხელ, BBC World Service-ის ისედაც პრობლემურ რეპუტაციას დამატებითი ზიანი მიადგა არასწორი თარგმანით, რომელიც ტექსტის პირვანდელ მნიშვნელობას მანიპულირებს. ისევე, როგორც არაბულ ენაზე „ებრაელები“ და „ისრაელელები“ არ არის სინონიმები, სპარსულად ირანის „ხალხი“ და მისი „რეჟიმი“ერთი და იგივე არ არის“.
BBC-ის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ არასწორი თარგმანი ადამიანური შეცდომა იყო, რომელიც გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, პირდაპირ ეთერში სინქრონული თარგმანის დროს.
„ეს შეცდომა მაშინვე გამოიყენეს პროისრაელურმა მედიამანიპულატორებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მომხდარი ეჭვქვეშ აყენებს BBC-ის მიუკერძოებლობას. ამას ასევე მოჰყვა მწვავე რეაქცია სოციალურ ქსელებში. აღნიშნული დავა BBC-ს დონალდ ტრამპთან მორიგი დაპირისპირების საფრთხის წინაშე აყენებს, რომელმაც გასულ წელს კორპორაციის წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა მას შემდეგ, რაც The Telegraph-მა გამოაქვეყნა, რომ ტელეკომპანიამ მისი სიტყვა ისე შეცვალა, თითქოს ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას ახალისებდა“, - წერს The Telegraph-ი.
0
1