
ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია, ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, ეს ოდესღაც ურყევი ორმხრივი პარტნიორობა სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ სტატიას The Spectator-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ბრიტანეთს ქვეყნის ძირითადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მართავს და სტარმერი პირველი პრემიერ-მინისტრია ისტორიაში, რომელიც ატლანტიკურ გაერთიანებას დისკრეციულად და არა – სტრუქტურულად მიიჩნევს.
„როდესაც დონალდ ტრამპმა ირანის დაჩქარებული ბირთვული შესაძლებლობების წინააღმდეგ სანდო შეკავების აღსადგენად იმოქმედა, მან ეს ღიად და განზრახ გააკეთა. გზავნილი უტყუარი იყო: შეერთებული შტატები მზადაა, იმოქმედოს, თუ დიპლომატია ჩავარდება და ბირთვული გარღვევა გარდაუვალი ჩანს. ამ კრიტიკულ მომენტში სტარმერმა არჩევანი გააკეთა: ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა აშშ-ისთვის დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვის მიცემაზე ირანზე პოტენციური დარტყმების მხარდასაჭერად. დიდი ხნის ერთობლივ ობიექტებზე წვდომა პირობითად განიხილებოდა და არა ავტომატურად. იურიდიული განხილვა ოპერატიულ მზადყოფნაზე მაღლა დადგა“, – წერს სტატიის ავტორი ლი კოენი.
მისივე თქმით, სტარმერის არჩევანი წარმოადგენს გადახვევას იმ სქემიდან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქვეყნების მთავრობების ცვალებადობის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდა.
„ჰაროლდ ვილსონი არ ეთანხმებოდა ვაშინგტონს ვიეტნამის საკითხში, მაგრამ შეინარჩუნა ატლანტიკური ჩარჩო. მარგარეტ ტეტჩერი მხარს უჭერდა ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებას და ამავდროულად ამტკიცებდა ბრიტანეთის სუვერენიტეტს. ტონი ბლერი შეერთებულ შტატებთან ერთად ერაყში (და ავღანეთში) უზარმაზარი შიდა ხარჯებით თანამშრომლობდა. კონკრეტული ამერიკული ოპერაციების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებიც კი ინარჩუნებდნენ იმ ვარაუდს, რომ ბრიტანეთი სტრუქტურულად ატლანტიკური იყო. ისინი ალიანსში კამათობდნენ. ისინი არ იზოლირებდნენ მისგან. სტარმერმა ეს ზღვარი გადაკვეთა“, – წერს ლო კოენი.
სტატიის მიხედვით, „სტარმერმა აირჩია საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოების პრიორიტეტად დაყენება მოკავშირეობის სტრატეგიული რეფლექსის ნაცვლად და, ამასთან, სტარმერმა აირჩია სიმბოლიზმი, რომელიც აგრილებს ატლანტიკურ ნდობას და არა – აძლიერებს“.
ავტორი აღნიშნავს, დონალდ ტრამპის პირად სიმპათიას ბრიტანელი ხალხის მიმართ.
„პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ბრიტანეთი, მხარს უჭერს მის ბრექსიტის სულისკვეთებას და პატივს სცემს მის მონარქიას. თუმცა ამერიკული სტრატეგია ნოსტალგიაზე არ იქნება აგებული. თუ სტარმერი გააგრძელებს ბრიტანეთის პოზიციის ამგვარად განსაზღვრას, ალიანსის ნებისმიერი შესუსტება მოწინააღმდეგეების მიერ არ იქნება თავს მოხვეული“, – წერს გამოცემა.
0
0