-share.jpg)
კატასტროფის სცენარი ახლა მიმდინარეობს: თუ ვლადიმერ პუტინი არ შეიცვლის აზრსა და მიდგომას ან ვერ შეჩერდება დასავლეთის მიერ, ის, როგორც ჩანს, მზად არის უკრაინაში დახოცოს იმდენი ადამიანი, რამდენიც [მისთვის] საჭიროა და გაანადგუროს ქვეყნის ინფრასტრუქტურა და კულტურა (თავის მმართველობასთან ერთად) ისე, რომ უკრაინა, როგორც თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, „აღიგავოს პირისაგან მიწისა“. ამ სცენარს შეიძლება მოჰყვეს ისეთი მასშტაბის ომის დანაშაულები, როგორიც ნაცისტების შემდეგ ევროპას არ ახსოვს - და, რომლებიც ვლადიმერ პუტინს, მის ახლობლებსა და რუსეთს, როგორც ქვეყანას, საერთაშორისო არენიდან განდევნილად აქცევს. გლობალიზებულ სამყაროს არასოდეს ჰქონია საქმე ისეთ ლიდერთან, რომელიც ბრალდებულია ასეთი სიმძიმის სამხედრო დანაშაულებებში; რომლის ქვეყანაც 11 დროის სარტყელს მოიცავს; რომელიც არის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი მსოფლიოში და ფლობს ბირთვული ქობინების უდიდეს არსენალს ნებისმიერ ქვეყანაში.
ყოველდღე, უფრო და უფრო რთული იქნება მსოფლიოსთვის თვალი აარიდოს პუტინის სისასტიკეს, რომელიც უარს ამბობს შეჩერებაზე და უფრო გვაახლოებს ჯოჯოხეთის კარიბჭესთან. თუმცა ინტერვენცია ევროპის გულში ბირთვული იარაღის გამოყენებით პირველი ომის გაჩაღებას გამოიწვევს. პუტინს საშუალება მიეცემა კიევი ნანგრევებად აქციოს (ისე, როგორც მან ალეპო და გროზნო დაიპყრო) და შექმნას ევროპული ავღანეთი, ლტოლვილებისა და ქაოსის ფონზე.
პუტინს არ აქვს შესაძლებლობა, უკრაინაში მარიონეტული ლიდერი დანიშნოს: მარიონეტი მუდმივი აჯანყებების წინაშე დადგება. ასე რომ, რუსეთს სჭირდება ათიათასობით ჯარისკაცის მუდმივად განლაგება უკრაინაში მის გასაკონტროლებლად, უკრაინელები კი მათ [რუსულ ჯარს] ყოველდღე ცეცხლს გაუხსნიან.
ვისურვებდი, რომ პუტინს მხოლოდ უკრაინის ნატოში არმიღების სურვილი ჰქონდეს; მისი მადა ბევრად უფრო მომატებულია. პუტინი ჯადოსნურმა აზროვნებამ შეიპყრო. როგორც რუსეთთან და ევროპასთან ურთიერთობების კურირების საკითხებში ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა ექსპერტმა, ფიონა ჰილმა, ორშაბათს Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, განაცხადა, პუტინს სჯერა, რომ არსებობს რაღაც, სახელწოდებით "რუსკი მირი" იგივე "რუსული სამყარო"; რომ უკრაინელები და რუსები "ერთი ხალხია" და მისი მისიაა „ყველა რუსულენოვანი ადამიანის სხვადასხვა ადგილას ხელახლა შეგროვება, რომლებიც გარკვეულწილად რუსეთის სამეფოს ეკუთვნოდა“. ამ ხედვის განსახორციელებლად პუტინი თვლის, რომ მისი უფლება და მოვალეობაა დაუპირისპირდეს „წესებზე დაფუძნებულ სისტემას [რასაც ფიონა ჰილი უწოდებს], სადაც ძალმომრეობით არაფერია მიღწეული“.
მეორე სცენარის მიხედვით, უკრაინელი ჯარისკაცები და, ზოგადად, ხალხი, ახერხებენ საკმაოდ დიდხანს გაუძლონ რუსეთის ბლიცკრიგს; ამავდროულად, ეკონომიკური სანქციები პუტინის ქვეყანაში ეკონომიკას მნიშნვნელოვნად დააზიანებს; ასე, რომ ორივე მხარე იძულებული გახდება, ბინძურ კომპრომისზე წავიდეს. სცენარის მონახაზით ჩანს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტური ზონებიდან რუსული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ, რუსეთის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის აღმოსავლეთის ანკლავები ოფიციალურად დაეთმობა რუსეთს, უკრაინა კი ცალსახად დადებს პირობას, რომ არასოდეს შეუერთდება ნატოს. ამავდროულად, აშშ და მისი მოკავშირეები შეთანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ ახლახან დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებაზე. ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პუტინს მოუწევს იმის აღიარება, რომ მან ვერ შეძლო უკრაინის რუსულ სამშობლოსთან ხელახლა მიერთება უზარმაზარი ეკონომიკური ზარალისა და რუსი ჯარისკაცების დაღუპვის ფასადაც კი. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, უკრაინას მოუწევს თავისი ტერიტორიის ნაწილის ოფიციალურად დათმობა და შეგუება, რომ ეს სამუდამოდ გახდება „არავის მიწა“ რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის - თუმცა უკრაინა მაინც შეინარჩუნებს სიმბოლურ დამოუკიდებლობას. ასევე, ჩაითვლება, რომ ყველამ უნდა დააიგნოროს უკვე ნასწავლი გაკვეთილი, რომლის მიხედვითაც, პუტინი უკრაინის დათმობას არ დაუშვებს.
ბოლოს, ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარის მიხედვით (რომელსაც შეიძლება საუკეთესო შედეგი ჰქონდეს), უკრაინელების მსგავსად, რუსმა ხალხმა, შესაძლოა, გამოავლინოს იმდენი მამაცობა და ერთგულება საკუთარი თავისუფლებისთვის და ქვეყანა გადაარჩინოს პუტინის თანამდებობიდან გადაყენებით. ბევრმა რუსმა უნდა დაიწყოს ფიქრი, რომ სანამ პუტინი მათი დღევანდელი და შემდგომი ლიდერია, მათ მომავალი არ ექნებათ. საკუთარი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებით, ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩებში პუტინის გიჟური ომის გასაპროტესტებლად. ნაადრევია, თუმცა მათი წინააღმდეგობის უნარი გვაფიქრებინებს, ირღვევა თუ არა ე.წ. შიშის ბარიერი და შეიძლება, თუ არა მასობრივმა პროტესტმა საბოლოოდ დაასრულოს პუტინის მმართველობა.
შემდეგ იქნება "პუტინის ბეგარა", რომლის გადახდაც განუსაზღვრელი ვადით ყველა რუსს მოუწევს მისი პრეზიდენტად ყოფნისას; აქ იგულისხმება შედეგები, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთზე დაწესებულ მასშტაბურ სანქციებს მოჰყვება. ორშაბათს, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა რუსეთის საფონდო ბირჟა დაეხურა და საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი ერთ დღეში 9,5%-დან 20%-მდე გაეზარდა, რათა ხალხმა რუბლების შენარჩუნება შეძლოს. რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30 პროცენტით დაეცა - ახლა კი 1 აშშ ცენტზე ნაკლები ღირს.
ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო, იმედია, რომ სწორედ ამ მომენტში პუტინთან დაახლოებული რუსეთის დაზვერვისა და სამხედრო მაღალჩინოსნები კრემლში იკრიბებიან და თავიანთ ფიქრებს ხმამაღლა აჟღერებენ: პუტინმა, როგორც სტრატეგმა, პანდემიაში იზოლაციის დროს წინასწარ განჭვრეტის უნარი დაკარგა ანდა ის სასტიკად უარყოფს იმას, თუ რამდენად შეცდა უკრაინელების, ამერიკის, მისი მოკავშირეებისა და, ზოგადად, გლობალური სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეში.
თუ პუტინი წინ წავა და მიწასთან გაასწორებს უკრაინის უდიდეს ქალაქებს და დედაქალაქ კიევს, ის და მისი ყველა მოკავშირე თუ ახლობელი ვეღარასოდეს იხილავს ლონდონსა და ნიუ-იორკში ნაყიდ ძვირადღირებულ აპარტამენტებს. მათ სამუდამოდ უნდა დაივიწყონ დავოსი და სან-მორიცი. სამაგიეროდ, ყველა მათგანი გამოიკეტება დიდ ციხეში, სახელად რუსეთი - და მხოლოდ სირიაში, ყირიმში, ბელარუსში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში შეეძლებათ თავისუფლად მოგზაურობა. მათ შვილებს გარიცხავენ შვეიცარიისა დ ოქსფორდის კერძო პანსიონებიდან. შესაძლოა, ითანამშრომლონ პუტინის განდევნაზე, ან ყველა მასთან ერთად მოხვდება საკანში. იგივე ბედი ელის რუსეთის ფართო საზოგადოებას. მესმის, რომ ამ უკანასკნელი სცენარის განხორციელება ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ყველაზე მეტად გვპირდება იმ ოცნების ასრულებას, რომელსაც 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემისას ვნატრობდით - მთლიან და თავისუფალ ევროპას ბრიტანეთის კუნძულებიდან ურალამდე,“ - წერს ჟურნალისტი.
0
0